საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა, რიგი შეთავაზებით მივმართოთ, რათა მხარეები უფრო დამთმობები იყვნენ

საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა, რიგი შეთავაზებით მივმართოთ, რათა მხარეები უფრო დამთმობები იყვნენ

ვენეციის კომისიამ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე, შესაძლოა, „რიგი შეთავაზებით“ მიმართოს. აღნიშნულის შესაძლებლობა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარისას ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა არ გამორიცხა.

„ჩვენ მხარეებს გადაწყვეტილებებს ვერ დავუწესებთ, თუმცა, შესაძლოა, მივმართოთ მათ რიგი შეთავაზებით, რათა მხარეები უფრო დამთმობები იყვნენ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ შეთავაზებების გახმოვანებისგან“, - განაცხადა მარკერტმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად გადაწყვეტილია სტრასბურგში 6 სექტემბერს ქართული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეხვედრის გამართვა, ვენეციის კომისიის მდივნის თქმით, შეხვედრის ჩატარების თაობაზე საბოლოო დასტურს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ კიდევ ელოდებიან.

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო დასტური უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხს უახლოეს პერიოდში ველოდებით, რადგან შეხვედრის თარიღი ახლოვდება“, - აღნიშნა ვენეციის კომისიის მდივანმა და ხაზი გაუსვა, რომ სტრასბურგის შეხვედრამ, თუკი ის 6 სექტემბერს შედგება, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე კონსენსუსის მიღწევის პროცესს ხელი უნდა შეუწყოს.