„აკროპოლისის თასის“ მოპოვება კარგი სტარტია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის წარმატებული დასაწყისია

„აკროპოლისის თასის“ მოპოვება კარგი სტარტია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის წარმატებული დასაწყისია

ჩვენ გვაქვს სიხარულებიც და გამოწვევებიც, ასეთია ჩვენი ცხოვრება და მგონია, რომ ერთიანობით არის მისაღები როგორც გამოწვევა, ასევე სიხარული, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ყურადღება სპორტის სფეროში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა.

მთავრობის ხელმძღვანელმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურა იაკობაშვილს გამარჯვება მიულოცა.

„ამ დღეების განმავლობაში, სპორტის კუთხით, ძალიან ბევრი წარმატება იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს. სამი ისტორიული გამარჯვება იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერთდროულად ორი მსოფლიო ჩემპიონი გვყავს - გენო პეტრიაშვილი და ზურა იაკობაშვილი. კარგად მახსოვს, როდესაც რიოში გენო პეტრიაშვილმა ვერ მიაღწია იმას, რაც მას უნდოდა, ეს პირადად მისთვის რამხელა იმედგაცრუება იყო და მინდა, მას მივულოცო, რომ მან ეს ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და ყველა გაგვახარა. სხვათა შორის, ძალიან რთული ბრძოლა იყო, თავიდან-ბოლომდე ვუყურე. ასევე მინდა, ზურა იაკობაშვილს მივულოცო“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა წარმატებები ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს უსურვა.

„ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ვერცხლს დაეუფლა. ზაზაც წინ მიიწევს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ სპორტში, რომელიც საქართველოსთვის მაინც და მაინც ტრადიციული არ არის, ასეთი წარმატებული ადამიანი გვყავს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ „აკროპოლისის თასის“ მოპოვებასაც გამოეხმაურა.

„ეს კარგი სტარტია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის წარმატებული დასაწყისია. ასე, რომ ჩვენ გვაქვს სიხარულებიც და გამოწვევებიც, ასეთია ჩვენი ცხოვრება და მგონია, რომ ერთიანობით არის მისაღები როგორც გამოწვევა, ასევე სიხარული“, - დასძინა პრემიერმა.