თბილისის მერის მოადგილე ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მერის მოადგილემ და გამგებელმა მაღაროს, ხევისუბნისა და ავშნის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, მაღაროს ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები. ასევე, საგზაო სამუშაოები გრძლედება ავშნის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე დღეში მეორე ფენა ასფალტის საფარი დაიგება და ამით ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდება.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხევისუბნის ქუჩაზეც - გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის პარალელურად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა, ხოლო მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწარმოებს. სამივე ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  1 067 000 ლარი გამოიყოფა.