„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას 25 აგვისტოს გაკეთებული განცხადების გამოსწორების მცდელობას უწოდებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განუცხადა, როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა 25 აგვისტოს გაკეთებული განცხადების შემდეგ, ევროპელი პარტნიორებისგან ძალიან ცუდი სიგნალი მიიღო და ახლა ცდილობს, ოპოზიცია მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაითრიოს.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკების ილუზიას ქმნის, რათა თუ სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლება, ეს მმართველ გუნდს არ დაბრალდეს.
„მმართველმა გუნდმა 25 აგვისტოს ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა და ნაადრევად გაამჟღავნა ნამდვილი იდეა, რომელიც ნიშნავს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ჩაშლას და ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციაში არაფრის შეცვლას. 25-ში გაკეთებულმა განცხადებამ ძალიან ცუდი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში, პარტიებში, არასამთავრობო სექტორში და როგორც ჩანს, სხვადასხვა არხებით მიიღეს ძალიან ცუდი სიგნალი ევროკავშირიდან და ვენეციის კომისიისგან. ახლა ცდილობენ თავის დაძვრენას და ოპოზიციის მოლაპარაკებაში ხელახლა ჩათრევას ისე, რომ შემდეგ მოლაპარაკების ჩაშლა დაბრალდეს ოპოზიციას. პირველ შემთხვევაში შეცდომა მოუვიდათ, ვინაიდან ოპოზიციამ გადასცა ერთსულოვანი, შეთანხმებული წინადადებები და ამ წინადადებებზე ოპოზიციამ, ფაქტობრივად, მიიღო უარი. ახლა კვლავ მიდის თამაში, რომ როგორმე გამოძვრნენ ლამაზად, შექმნილი ჩიხიდან. არავის სჯერა, რომ ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებისთვის. ეს კიდევ ერთი მცდელობაა რომ, თუ ვენეციის კომისიაში შეხვედრა ჩაიშლება, უმრავლესობას არ დაბრალდეს. კვლავ ქმნიან მოლაპარაკების ილუზიას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე უცვლელი დარჩება.
„ოპოზიციის მოთხოვნა იქნება იგივე, რაც იყო ყოველთვის. ეს არის ორი მთავარი საკითხი - საარჩევნო წესები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების შენარჩუნება. ამის გარდა, კონსტიტუციაში სხვა სალაპარაკო არაფერი არ არის“, - აღნიშნა გოცირიძემ.
თუ ოპოზიცია მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებთ, მმართველი გუნდი დღესაც მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს, თუმცა ეს ყველაფერი, მისივე თქმით, დამოკიდებულია ოპოზიციაზე.