საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო შტაბიდან აცნობეს, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის ცოცხალი ძალის სახით 1500-მდე ადამიანია ჩართული. დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვეტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ.

„ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი დამატებითი გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში შეიმჩნება ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კველევა განახორციელა.

„კვლელევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს, საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ამ დროისათვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

„ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა. ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო შტაბის ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ არიან მობილიზებულები, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

„საგანგებო შტაბის წევრები კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიური უბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“, - ნათქვამია განცხადებაში.