სწორედ ჩვენი ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რუსეთთან რთული ურთიერთობების პირობებში, მათი წინადადება მისასალმებელია

სწორედ ჩვენი ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რუსეთთან რთული ურთიერთობების პირობებში, მათი წინადადება მისასალმებელია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება რუსეთის შეთავაზებას, ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში დახმარების შესახებ.

„ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში დახმარებისთვის რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა და ეს წინადადება მისასალმებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"მინდა, განსაკუთრებულად შევეხო რუსეთის თემას, რადგან ამ დღეების განმავლობაში ეს საკითხი იყო განხილვის საგანი. რუსეთმა გამოთქვა დახმარების მზადყოფნა, ეს წინადადება საკმაოდ მისასალმებელია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე, სწორედ ამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, იმ პირობებში, რომ რუსეთთან გვაქვს ძალიან რთული ურთიერთობა, ასეთი წინადადება მისასალმებელია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და დღის განმავლობაში მოგახსენებთ დეტალებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ბოლო დღეებში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. ბორჯომში ხანძარი 20 აგვისტოს დაიწყო, რის შედეგადაც 12 ჰექტარი ფართობი დაიწვა. 22 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ატენის ხეობაში, თიანეთსა და თბილისში. ამ ეტაპისთვის, გარდა ბორჯომის ხანძრისა, ყველა ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია აზერბაიჯანის, თურქეთისა და ბელარუსის ვერტმფრენები.