სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს

დღის მეორე ნახევარში გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია, როგორც ავიაციის, ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

„დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა. იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, რათა დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ მუშაობა, ისევე როგორც დღეს მთელი დღის განმავლობაში, ავიაციის მეშვეობით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით უფრო ცხადი სურათი გვექნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

„ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ქარზე. ამ წუთას გავრცელების საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით, რათა მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე და მოვახდინოთ იმ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების საშიშროება ყველაზე მაღალია“, - განაცხადა პრემიერმა.