,,ევროპული საქართველო’’ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მხარს დაუჭერს აქტს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენება უნდა მოხდეს.
დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს ხანძრის დროულად ლიკვიდაცია, თუმცა სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებაზე გარკვეული კითხვებიც არსებობს.
,,ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომ სამხედრო ძალები იყვნენ ჩართული იმ საგანგებო ვითარებაში, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა, რამდენად ადეკვატურად იმოქმედა მთავრობამ, იყო თუ არა დაგვიანებული ყველა ის ნაბიჯი რომლიც გადადგეს, რამდენად დაცული იყო მოსახლეობის ინტრესები. მიუხედავად ამ კითხვებისა ვთვლით, რომ კითხვების დრო არ არის. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ გადაწყვეტილებას და კითხვებს დროც დადგება. რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, ცხადია, ის ფაქტი, რომ ერთდროულად ბევრ ადგილას გაჩნდა ცეცხლის კერა, შესაძლოა აჩენდეს ეჭვების საფუძველს და ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩაატაროს“, -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.