ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღეს სოჭში შეხვედრას გამართავს.
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სირიაში ირანის სამხედრო ყოფნის გაძლიერების მცდელობას განვიხილავ. ეს ირანის აგრესიას ცხადყოფს, რომელიც არ შემცირებულა. ეს პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ყველა ქვეყნისთვის და სრულიად მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, პუტინი და ნეთანიაჰუ განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას, სირიის საკითხს, ტერორიზმთან ბრძოლას და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებას.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს თან ახლავს საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ ხელმძღვანელი იოსი კოენი და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი მეირ ბენ-შაბათი.