ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართავენ

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართავენ

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართავენ.

წერილი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება და მას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველოს დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ და „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.

„2017 წლის 18 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა შორის გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ გამოვხატეთ ერთიანი პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

კონსესუსის მიღწევისათვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაუბრუნდეს საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებისას მისსავე მიერ შემოთავაზებულ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპით. ამასთან, ოპოზიციისთვის არსებითია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, აღნიშნული საკითხის განსაზღვრა შესაძლებელად მიგვაჩნია პლებისციტის მეშვეობით.

„ქართული ოცნების” მხრიდან ჩვენი პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად ვართ შევიდეთ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.

მიუხედავად ჩვენს მიერ გამოხატული ზემოხსენებული, სრულიად ლოგიკური და მკაფიო პოზიციისა, თქვენ ცდილობთ გვერდი აუაროთ მას და თქვენთვის სასურველ ფორმატში წარმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაცია, რათა შეძლოთ ან ოპოზიციასთან კონსესუსის მიღწევის იმიტირება, ან ისეთი ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ოპოზიციური ძალები უარს ვამბობდეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად დიალოგზე, რითაც შეეცდებით „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის თვითნებურად და ერთპიროვნულად მიღების გამართლებას.

წინამდებარე წერილზე ხელმომწერი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საკითხს და გაითვალისწინოს, რომ რამდენიმე, მცირე პოლიტიკური წონის მქონე პარტიასთან, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერის თუ ბლოკების საკითხზე მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კონსენსუსის მინიმალურ სტანდარტს და სრული პასუხისმგებლობა კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“, - ნათქვამია წერილში.