ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაში არიან და მოდიან დასახმარებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს აზერბაიჯანული ვერტმფრენი და დასახმარებლად ასევე მოდიან სახანძრო მანქანები.

"თურქეთისგან მივიღეთ დახმარება, ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ჩამოფრინდება სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათაც აქვს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაგვეხმარება. ასევე სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და მოდიან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არის.

"ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის ჩაქრობა. მინდა ვთქვა, რომ ამ ოპერაციაში ჩართულია, როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები, სატყეო დეპარტამენტი. მოხალისეების საჭიროება არ დგას, მძიმე სამუშაოა და ეს ადამიანები თავს ართმევენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.