დონალდ ტრამპის სტრატეგია ავღანეთში

დონალდ ტრამპის სტრატეგია ავღანეთში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთის შესახებ სტრატეგია წარადგინა. ტრამპმა ვირჯინიაში მდებარე, ფორტ-მაიერის სამხედრო ბაზიდან ისაუბრა.

მისი თქმით, თეთრი სახლი აღარ დაასახელებს კონტინგენტის რაოდენობას ან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და დასრულების თარიღებს. ამავე დროს, დონალდ ტრამპი აძლევს პენტაგონს უფლებას, რამდენიმე ათასით გაზარდოს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ არასდროს დაასახელებს კონტინგენტის ზუსტ რაოდენობას.

„ჩვენ არ ვისაუბრებთ სამხედროების რიცხვზე ან სამხედრო აქტივობებასთან დაკავშირებულ ჩვენს გეგმებზე. ამ მომენტიდან ჩვენს სტრატეგიას განსაზღვრავს ადგილზე შექმნილი პირობები და არა თვითნებური გრაფიკი. ამერიკის მტრებმა არასდროს უნდა იცოდნენ ჩვენი გეგმების შესახებ და არასდროს უნდა სჯეროდეთ, რომ ჩვენს წასვლას დაელოდებიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამჟამად აშშ-ს ავღანეთში დაახლოებით 8400 სამხედრო ჰყავს ავღანეთში დისლოცირებული. CNN-ის ცნობით, სამხედრო მეთაურები „თალიბანის“ წინააღმდეგობის გასარღვევად დამატებით რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ითხოვენ. დამატებით ძალებს ორი მოვალეობა ექნებათ - ანტიტერორისტულ მისიებში მონაწილეობა და ავღანეთის ძალების მომზადება.

დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგიის თანახმად, აშშ-ის სამხედრო მეთაურების უფლებამოსილება ფართოვდება და მათ „თალიბანსა“ და ავღანეთში სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე თავდასხმის უფლებას აძლევს.

„მიკრომენეჯმენტი ვაშინგტონიდან არ იგებს ბრძოლებს. ამ მკვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერსად დაიმალებიან, რომ ამერიკული ძალისთვის და ამერიკული იარაღისთვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს. შურისძიება იქნება სწრაფი და მძლავრი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთში გამარჯვებამდე დარჩებიან.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები იბრძოლებენ გასამარჯვებლად. დღეიდან გამარჯვებას ექნება მკაფიო განსაზღვრება - მტერზე თავდასხმა, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, „ალ-ქაიდას“ განადგურება, „თალიბანისთვის“ ავღანეთის ხელში ჩაგდების არდაშვება და ამერიკის წინააღმდეგ მასობრივი ტერორისტული თავდასხმების შეწყვეტა“, -განაცახდა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ავღანეთიდან ძალების ნაჩქარევი გაყვანა შექმნის ვაკუუმს, რომელსაც შეავსებენ ტერორისტები, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე მოხდა.

ამას გარდა, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ აღარ გამოიყენებს სამხედრო ძალას ამერიკის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, ავღანეთში, დემოკრატიის ასაშენებლად.

„ჩვენ გვინდა მათი წარმატება, თუმცა ჩვენ აღარ გამოვიყენებთ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს შორეულ ქვეყნებში დემოკრატიის ასაშენებლად. ეს დღეები დასრულდა. აშშ აღარ არის სახელმწიფოების მშენებელი. ჩვენ ვკლავთ ტერორისტებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა პაკისტანი და ის ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ პაკისტანს მილიარდობით დოლარს ვუხდით და ისინი კი, ამავე დროს, თავშესაფარს აძლევენ სწორედ იმ ტერორისტებს, რომლებსაც ჩვენ ვებრძვით. ეს უნდა შეიცვალოს და ეს შეიცვლება დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ტრამპა.