ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამთენიისას კი ორმა ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოებში ჩართულია ორი ვერტმფრენი - საქართველოსა და აზერბაიჯანის. ადგილზე მობილიზებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 320-მდე მეხანძრე მაშველი და ასევე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოხდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა.