რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა არამხოლოდ შიდასამართლებრივი პროცედურების, არამედ საერთაშორისო კუთხითაც მნიშვნელოვანია.
„ამ ჩანაწერში გარდა იმისა, რომ მკაფიოდ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარე უკანონო ქმედებები და ფაქტიურად ლუსტრაცია ხდება მის მიმართ წარმოებული პოლიტიკური დევნის, ამავდროულად, საერთაშორისო სკანდალთან გვაქვს საქმე, როდესაც მინისტრი საუბრობს პოლონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის თვალთვალზე და ა.შ. შესაბამისად, ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა მნიშვნელოვანია, როგორც შიდასამართლებრივი პროცედურებისთვის და ამ ხელისუფლების კიდევ ერთხელ სამხილებლად, ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ბასილაიამ.
სააკაშვილის ადვოკატის თქმით, გარკვეული დროა საჭირო საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზების ჩასატარებლად. ამასთან, ადვოკატისთვის გაუგებარია რატომ დუმს ამ საკითხზე სახალხო დამცველი და არ აქტიურობს სათანადოდ არასამთავრობო სექტორი.
„გაუგებარია სახალხო დამცველის დუმილი და არასამთავრობო სექტორის აქტივობა დიდი არ არის, ვინაიდან შს მინისტრის ეს ჩანაწერი პირდაპირ მეტყველებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უმძიმეს მდგომარეობაშია. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს ევროპული კონვენვიის მე-18 მუხლის დარღვევა“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა , ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე, რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე, პროკურატურაში გამოძიების მოთხოვნა ერთი კვირის წინ შეიტანა. ბექა ბასილაია თქმით, აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დევნისა და ადევნების მუხლებით უნდა დაიწყოს.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი პრანკერი ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.