მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.
მისივე თქმით, გამოძიების დაწყების ნაცვლად, საზოგადოების ყურადღების გადატანა სხვა თემებზე ხდება.
“აქვთ მცდელობა, რომ ეს საუბარი გააშარჟონ, კი ბატონო. მღებრიშვილის საუბარი თავიდან ბოლომდე არის კომიკური თავისი არსით, მაგრამ ამ კომიკურობაში ტრაგედია არის ის, რომ საუბრის მონაწილე გიორგი მღებრიშვილი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს ადამიანი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს. ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ადამიანს რომ ეხებოდეს ეს ჩანაწერი, პროკურატურა ვალდებული იქნებოდა, გამოძიება დაეწყო.
“მოცემულ შემთხვევაში უფრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ასევე ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება საქართველოში და აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დადგინდეს მღებრიშვილის ჩანაწერის ავთენტურობა. ვერანაირი თემით ეს საკითხი ვერ გადაიფარება. ვერც იმით, რომ პროკურატურა დღეს არ იწყებს გამოძიებას, ვერც იმით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომღაც ახლა გააქტიურდა და ატარებს ასევე კომიკურ სპეცოპერაციებს მათი მინისტრის თემისგან საზოგადოების ყურადღების გადასატანად. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას, დაწყებული გვაქვს საერთაშორისო საექსპერტო დაწესებულებებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოხდეს ამ ჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარება. ცხვირში ძალიან მწარედ, ბუმერანგივით მოხვდებათ ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებითაც ეს ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეებს”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.