2012 წლის 10 ივნისს საფრანგეთში არჩევნების პირველი ტური შედგა. ამომრჩეველი პარლამენტის ქვედა პალატის, ნაციონალური ასამბლეის წევრებს ირჩევდა.
საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეა 577 წევრისგან შედგება და დეპუტატები ყოველ ხუთ წელში ერთხელ 577 ერთ მანდატიან ოლქიდან ირჩევიან.
ყოველ ოლქში კანდიდატმა ვალიდური ხმების 50%-ზე მეტი, და ასევე მთლიანად, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმების 25%-ზე მეტი უნდა მიიღოს იმისთვის, რომ პირველ რაუნდში გაიმარჯვოს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა კანდიდატს მიეღო ხმათა 50%, მაგრამ მაინც ვერ გაიმარჯვებდა იმის გამო, რომ მთლიანად ამომრჩეველთა მეოთხედმა არ დაუჭირა მხარი.
იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიგებდა პირველ ტურში, ერთმანეთს ის ორი კანდიდატი უპირისპირდებოდა, რომლებმაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმების 12.5%-ზე მეტი მიიღო.
აქტივობამ პირველ რაუნდში 57.23% შეადგინა, რაც 2007 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ამომრჩეველთა ასეთი აქტივობა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალია. ამის მიზეზი არის ის, რომ შეიცვალა ქვეყნის საარჩევნო კალენდარი: საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა საპარლამენტომდე 1 თვით ადრე, რის გამოც ამომრჩეველი აღიქვამს, რომ უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და ნაკლებად აუცილებლად თვლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. დაბალი აქტივობის მიზეზი შესაძლოა ასევე „საარჩევნო გადატვირთვაც“ კი იყოს, იმდენად, რამდენადაც 10 ივნისს უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ამომრჩეველს მესამედ მოუწია საარჩევნო უბნებთან მისვლა.
მემარცხენე პარტიები საფრანგეთში თავიანთი ისტორიული ტრიუმფის ზღურბლთან იდგნენ. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, უკვე ნათელი იყო, რომ ისინი შეძლებდნენ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას. ოფიციალური შედეგების თანახმად, საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა მთლიანობაში ხმათა პირველ ტურში 46.77% დააგროვეს.
ამრიგად, თუ ეს შედეგი განმეორდებოდა არჩევნების მეორე ტურშიც, მემარცხენე პარტიები პარლამენტში 283-დან 329 ადგილამდე დაკავებას შეძლებდნენ, კონსერვატორების ბანაკი კი მხოლოდ 210-263 მანდატს. აბსოლუტური უმრავლესობა ნაციონალურ ასამბლეაში ექნებოდა იმ პარტიას, რომელსაც სულ მცირე 289 დეპუტატი მაინც ეყოლებოდა. შეგახსენებთ, რომ სოციალისტები ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში უკვე ფლობდნენ უმრავლესობას. გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პარტიას ექნებოდა პოლიტიკური ძალაუფლება თითქმის ყველა, საპრეზიდენტო, სენატისა და ნაციონალური ასამბლეის დონეებზე.
ახალი მოწვევის ნაციონალური ასამბლეის საბოლოო შემადგენლობა 17 ივნისის შემდეგ გახდა ცნობილი. არჩევნების მეორე ტური გაიმართა იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც არც ერთ კანდიდატს არ მიუღია ხმათა უმრავლესობა.
რა თქმა უნდა, პირველი რაუნდის შედეგები გადამწყვეტი არ იყო. მთელი კვირა, რომელიც 17 მაისამდე იყო დარჩენილი პირველი რაუნდის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო იყო აქტიური პოლიტიკისთვის. მაგ. 2007 წელს პირველი რაუნდის შემდეგ მემარჯვენეებს 300-350 ადგილის მოპოვების იმედი ჰქონოდათ, მაგრამ არჩევნების მეორე ტურში მემარცხენეებმა საკმაოდ ბევრ ოლქში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. იგივე ფენომენი დაფიქსირდა 1967 წელს, როდესაც მემარცხენეებმა შეძლეს ფაქტობრივად წაგებული პირველი რაუნდის შემდეგ მეორეში წარმატების მიღწევა.
საარჩევნო უბნები 17 ივნისს დილის 8 საათზე გაიღო და საღამოს 8 საათზე დაიხურება. პირველი ტურის შედეგების და სოციალური გამოკითხვების მიხედვით, შედეგები ფაქტობრივად უკვე ცნობილი იყო: მემარცხენეები („სოციალისტური პარტია“, „ევროპა, ეკოლოგია - მწვანეები, და მემარცხენე ფრონტი“ მიიღებენ უმრავლესობას. ახლა ინტრიგა მხოლოდ იმაში იყო, თუ ზუსტად რამდენ ადგილს დაიკავებდნენ სოციალისტები. არჩევნების მეორე ტური საკმაოდ დაბალი აქტივობის ფონზე მიმდინარეობდა. შუადღისთვის აქტივობა მხოლოდ 21.4% იყო.
„ამ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან შედეგები წინასწარვეა ცნობილი, - განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პარიზში. - სოციალისტური პარტია მინიმუმ უმრავლესობას მაინც მიიღებს, და შესაძლოა სავარძლების აბსოლუტური უმრავლესობაც დაიკავოს. ეს ყველას ესმის, ამიტომაც აქტივობა ძალიან დაბალი იქნება“.
პარლამენტის ქვედა პალატის ახალი შემადგენლობა უპრეცედნდენტოა ქალი-დეპუტატების სიმრავლით. მეხუთე რესპუბლიკას ასეთი პარლამენტის ასეთი „ფემინიზაცია“ არ ახსოვს. მათი რიცხვი 107-დან ერთბაშად 155-მდე გაიზარდა.
ამდაგავარი „ფემინიზაციის“ ტენდეციის მიუხედავად ორი გამორჩეული ქალი პოლიტიკოსისთვის ეს არჩევნები მაინც წარუმატებელი აღმოჩნდა.
არჩევნების მეორე ტური შესაძლებელი იყო მორიგი მარცხი აღმოჩენილიყო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის და ფრანსუა ოლანდის ყოფილი მეორე ნახევრის, სეგოლე რუაიალისთვის. მისი მიზანი ნაციონალური ასამბლეის სათავეში ჩადგომა იყო, თუმცა ამისთვის მას მოუწევდა მინიმუმ „დისიდენტი-სოციალისტის“, ოლივიე ფალორნის დამარცხება ლა როშელში. გამოკითხვების თანახმად ეს ნაკლებად მოსალოდნელი გახლდათ. და, მართლაც, წინასწარი პროგნოზები გამართლდა - რუაიალმა წააგო.
„მე ჩემი მიწის ერთგულება შევინარჩუნე“ - განაცხადა დამარცხებულმა ქალბატონმა რუაილმა. რუაილი-ფალორნის დაპირისპირება მეორე ტურის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა გახდა. ჯერ კიდევ პირველი ტურის წინ, ფალორნი, იმის გამო რომ სოციალისტების ერთიან კანდიდატს ადგილი არ დაუთმო, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. ამის მიუხედავად „დისიდენტი“ მეორე ტურში გავიდა და ისევ არ დათანხმდა კანდიდატურის მოხსნას, და მიუხედავად იმისა, რომ რუაიალს მთელი სოციალისტური პარტია, პრეზიდენტი და პრემიერი ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს, მან მაინც მოახერხა სოციალისტთა ფავორიტის დამარცხება. თუმცა ამ ერთსულოვნების ფონზე მართლაც რომ ბომბის აფეთქების ეფექტი ქონდა პრეზიდენტ ოლანდის სამოქალაქო ცოლის, ჟურნალისტ ვალერი ტრიერვეილერის ფალორნისადმი საჯარო მხარდაჭერას, რაც მან სოციალურ ქსელ Twitter-ის გვერდზე გააკეთა. საბოლოოდ ფალორნის მეორე ტურში ამომრჩეველთა 58%-მა დაუჭირა მხარი.
ასევე მარცხი განიცადა მეორე პოპულარულმა ფრანგმა პოლიტიკოსმა ქალმა, საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა. მარინმა მიიღო რა ამომრჩეველთა 49.89%-ის მხარდამჭერა, მინიმალური, სულ რაღაც 118 ხმით დათმო პირველობა სოციალისტ კონკურენტთან. თუმცა ნაციონალური ფრონტი პარლამენტში ორი ქალით მაინც იქნება წარმოდგენილი, მათ შორის არის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლის მარიონ-მარეშალ ლე პენი. მარიონ-მარეშალი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. მისი ბაბუა პარტიის დამფუძნებელი ჟან მარი ლე პენია, დეიდა კი პარტიის ამჟამინდელი ლიდერი.
აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ყველა 25 მინისტრი, რომლებიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, პარლამენტში არჩეულ იქნა. ექვსი მათგანი, პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ ეროს მეთაურობით, ჯერ კიდევ პირველ ტურში იქნა არჩეული. ყველა დანარჩენს, ინვალიდების საქმეთა მინისტრ მარი-არლეტ კარლოტის გამოკლებით, მეორე ტურის წინ მყარი პოზიციები ეკავათ. თუმცა კარლოტიმ მაინც მოახერხა თავისი კონკურენტის, აწ უკვე ყოფილი დეპუტატის რონო მუზოლეს დამარცხება.
პარლამენტის სხდომებში მინისტრები დეპუტატის რანგში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათ ადგილს მათი მოადგილეები დაიკავებენ, რომლებთან ერთადაც არჩევნებზე გამოდიოდნენ.
არჩევნებზე გამარჯვებით მინისტრებმა თავიანთი პოსტები შეინარჩუნეს. წაგების შემთხვევაში პრეზიდენტ ოლანდის განცხადებით მათ თავიანთ სავარძლებთან გამომშვიდობება მოუწევდათ.
საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატები ასე განაწილდა:
სოციალისტური პარტია - 313 დეპუტატი;
მემარჯვენა „სახალხო მოძრაობის კავშირი“ - 214 დეპუტატი;
„ევროპა-ეკოლოგია“& მწვანეები“ - 17 დეპუტატი;
„ახალი ცენტრი“ - 16 დეპუტატი;
„მემარცხენე ცენტრი“ - 10 დეპუტატი;
„ცენტრისტები“ (ფრანსუა ბაირუ) - 2 დეპუტატი;
„ეროვნული ფრონტი“ - 2 დეპუტატი.
საფრანგეთში სოციალისტეობის ზეობის ხანა დაიწყო!