ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ტექნოპარკში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ.

მემორანდუმში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

თანამშრომლობის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების/პროგრამების განხორციელების გზით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამების ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. ერთობლივ პროექტებში/პროგრამებში ჩაერთვებიან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 29 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. უფრო მეტიც, აღნიშნული თანამშრომლობის თანახმად, ისინი შეძლებენ საკუთარი ინიციატივების/იდეების განხორციელებასა და განვითარებას.

მხარეების შეთანხმებით იგეგმება საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ორგანიზება; დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად ჩაერთვებიანსააგენტოს სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ასევე ზრუნვის სისტემიდან გასულ მოზარდებს ეთმობა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახალგაზრდებთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მათ შორის არის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“, დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებული მოზარდებისთვის საგანმანათლებლო პროექტების/პროგრამების შეთავაზება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება აქვთ - ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებისთვის რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება უკვე გაიმართა.