იურისტი ლევან ალაფიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო დაწყებული დიალოგის პროცესში, პოლიტიკური საკითხების გარდა სხვა მნიშვნელოვან თემებზეც გამახვილდება ყურადღება.
ამ კონტექსტში ჟურნალისტებთან საუბრისას ალაფიშვილმა ყურადღება გაამახვილა შეთავსებით მოქალაქეობის საკითხზე, მიწის საკუთრებასთან და გადასახადებთან დაკავშირებულ თემაზე და კონსტიტუციის იმ თავზე, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება. ალაფიშვილის თქმით, მთავარია, რომ დიალოგის ნება გამოიხატა და ეს პროცესი უნდა განვითარდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მისცენ იმპულსი ახალ განვითარებას საკონსტიტუციო პროცესში, რასაც ჰქვია ფართო კონსენსუსით მიღებული და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფის დოკუმენტის მიღება და არა იმ ნაკლოვანი პროცესით მიღებული დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული კონსტიტუცია ჰქვია. მთავარია, რომ ნება დიალოგისთვის გამოიხატა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ალაფიშვილმა.