მნიშვნელოვანია, ”ქართულმა ოცნებამ” გაიგოს, რას ნიშნავს კომპრომისი - ეს არის შეთანხმება არა ”ქართული ოცნების” გუნდში, არამედ შეთანხმება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაგეგმილი შეხვედრის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
”თუკი ეს იქნება მათი ამოსავალი წერტილი, რაიმე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ჩვენ, ჩვენის მხრივ, წარვადგენთ საკითხებს, რომელზეც საუბარია მრავალი თვეა და რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესია - ეს არის 2020 წლისათვის მთლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მოქალაქეებისთვის უფლების დატოვება, პირდაპირი გზით აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი”, - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ.
საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს დღეს, პარლამენტის სასახლეში შეხვდება.