დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

დეპუტატის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით მეარაყიშვილი გათავისუფლდა.

"სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურის მიერ და მისი სისხლის-სამართლებრივი წესით დევნა არის თავისუფალი, სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა ადამიანების უკანონო დევნისა, მათი უფლებების დარღვევისა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეთნიკურ ქართველებს ეხება. შემაშფოთებელია ის უხეშობა, რომელსაც ე.წ. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები თამარ მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ იყენებდნენ. საბედნიეროდ, ჩვენი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით ქალბატონი თამარი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს და შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალბატონი თამარის უფლებები დავიცვათ", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, ფაქტზე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი.

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საკუთარ სახლთან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მილიციამ გუშინ საღამოს დააკავა. ის ამ ეტაპზე გათავისუფლებულია. მას პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ.