"პენსიონერების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების“ გამო „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მამაკაცების და ქალების საპენსიო ასაკის გათანაბრებას ითხოვს და ამისთვის ხელმოწერებს აგროვებს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. მოვითხოვთ, საპენსიო ასაკი ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი. ამ ინიციატივით, პარლამენტსაც მივმართეთ და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი ინიციატივა ძალაში შევიდა და მამაკაცების საპენსიო ასაკი 65–დან 60 წლამდე შემცირდა, ეს ბიუჯეტს მძიმედ არ დააწვება. საპირისპიროზე საუბრობენ ეკონომისტები. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, „მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკის გათანაბრებისთვის ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი მზად არ არის“.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა დამატებითი თანხის გაღება მოუწევს ბიუჯეტს, თუ მამაკაცის საპენსიო ასაკი ქალისას გაუთანაბრდება და 60 წლამდე დაიწევს. მარტივი არითმეტიკული გათვლებით მივიღეთ, რომ ეს ბიუჯეტს თვეში დამატებით 17 406 000 ლარი, შესაბამისად, წელიწადში 208 872 000 ლარი დაუჯდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 60–დან 64 წლის ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცების რაოდენობა 96 700–ს შეადგენს, საშუალო პენსია კი 180 ლარია.
ამ დროისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 725 963 ასაკით პენსიონერია. თუ საპენსიო ასაკი გათანაბრდა პენსიონერების რაოდენობა 822 663–მდე გაიზრდება, რაც მთლიანი მოსახლეობის 22,1% გამოდის. მთლიანად ბიუჯეტს კი პენსიის გაცემა წელიწადში (საშუალო პენსია – 180 ლარი) 1 776 952 080 ლარი დაუჯდება.
რაც შეეხება საპენსიო ასაკის დაწევის ინიციატივას, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი პენსიონერების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. ვაშაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შეცვლის იმას, რომ ამ კუთხით კანონში დისკრიმინაცია აღარ იქნება.
„ნორმა, რომელიც არის სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში, დისკრიმინაციულია, რადგან ქალისა და მამაკაცის პენსია განსხვავებულია. ამჟამად 60 წელი არის ქალისთვის, ხოლო 65 მამაკაცისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და მოვითხოვთ მის გაუქმებას. ორივე სქესისთვის საპენსიო ასაკი 60 წელი უნდა იყოს.
ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შეცვლის იმას, რომ ამ კუთხით კანონში დისკრიმინაცია აღარ იქნება. სამართლებრივი დავებით უნდა გამოსწორდეს ის უფლებადამრღვევი ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს. ეს ყველაზე სწორი პროცესია და არა მხოლოდ პოპულიზმი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შევიტანეთ, რისთვისაც დავიწყეთ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა პარლამენტმა განიხილოს ეს ყველაფერი.“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტზე ეს ინიციატივა უარყოფით გავლენას არ იქონიებს. „რაც შეეხება ქვეყნის ბიუჯეტს, მას ეს ტვირთად არ დააწვება, რადგან ნაცვლად ნათესავებისთვის პრემიების დარიგებისა და უაზროდ გაბერილი ხელფასებისა, პენსიონრებს ექნებათ პენსია. ეს არ არის ის თანხები, რასაც ბიუჯეტი ვერ გაწვდება. კორუფციულ ჯიბეებში დალექილ თანხას მირჩევნია საპენსიო ასაკის ადამიანებმა მიიღონ ეს თანხა. ჩვენ ამ ციფრებს პარლამენტში ინიციატივასთან ერთად აუცილებლად წარვადგენთ. გვექნება დისკუსიები და განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ვაშაძემ.
საპირისპიროზე საუბრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია. მისი თქმით, საპენსიო ასაკის გათანაბრებისთვის სახელმწიფოს ეკონომიკა და ბიუჯეტი მზად არაა.
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, ამ ინიციატივის შემოღება ჩემი აზრით, უფრო პოპულისტურია. ეს კეთილი ნაბიჯია, თუმცა მის ავტორებს დეტალურად უნდა განეხილათ და უფრო ღრმად უნდა ჩაეხედათ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ინიციატივამ. მე ვთვლი, რომ მათი გადაწყვეტილება გაანალიზებული არ იყო და ის რისკები ვერ გათვალეს, რაც შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტს დაატყდეს თავს. ჩვენ ამ ინიციატივის შემოღებით ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ და ამას ეკონომიკაც ვერ აიტანს. ეს ყველა სახელმწიფო პროექტზე და ქვეყნის ფუნქციონირებაზე აისახება.“ - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.