გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე  გენდერული კვოტირების საკითხზე იმსჯელა

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე გენდერული კვოტირების საკითხზე იმსჯელა

გენდერული თანასწორობის საბჭომ სამუშაო შეხვედრაზე  საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების  პროექტზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.

კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს დაევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი  ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას, გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

კანონპროექტის მიღების მიზანია, პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შემოტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება. კანონპროექტის ავტორია ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task force).

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კანონპროექტი შემოსულია 37 ათასი ადამიანის ხელმოწერით, პროცედურები გავლილია და კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად გადაეცა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული  ცვლილება მიმართულია შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„დიდი ხანია  გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა მონაწილეობის გააქტიურებაზე  სამუშაოები ტარდება და ასეთი კანონპროექტები სხვადასხვა ფორმით  პარლამენტში იხილებოდა.

ეს შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში დაიგეგმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ამ კანონპროექტის განხილვისას წამყვან კომიტეტად განისაზღვრა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ სამუშაო პროცესი, პირველ რიგში,  ჩვენს კოლეგებთან დავიწყოთ. თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამ იდეას მხარს უჭერს. შემოთავაზებული  ცვლილება არ ეხება ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ  მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზეც პარტიებმა პოლიტიკური ნება გამოიჩინონ და მეტი ქალი კანდიდატი წარმოადგინონ საარჩევნო სიებში",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი და ენძელა მაჭავარიანი. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD),  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES Georgia),  ქალთა პოლიტიკური გაძლიერების რესურსების ცენტრი, გენდერული თანასწორობის ქსელი, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი და „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება".