მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაგეგმილ შეხვედრაზე „ახალ მემარჯვენეებსაც“ იწვევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, „ახალი მემარჯვენეები“ შეხვედრაზე მიიწვია, როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრი.
„უკვე ვესაუბრე მამუკა კაციტაძეს. „ახალი მემარჯვენეები“ ამ შეხვედრაზე არის მოწვეული, როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წევრი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
როგორც ცნობილია, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე კვირაში შეხვედრა მხოლოდ კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა. ვინაიდან „ახალი მემარჯვენეები“ კვალიფიციური პარტია არ არის, ამ შეთავაზების პირობებში, შეხვედრის მიღმა რჩებოდა. ამის გამო ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უკმაყოფილება დააფიქსირა.
„თქვენთან საუბრის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში, შემეხმიანა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი და ”ახალი მემარჯვენეები” მიგვიწვია ამ მოლაპარაკებაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება. ”ახალი მემარჯვენეები” მივალთ შეხვედრაზე იმ 4-პუნქტიანი წინადადებათა პაკეტით, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ აპრილში შეიმუშავა“, - განუცხადა კაციტაძემ „ინტერპრესნიუსს“.