საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა ერთი ჯგუფი უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში არიან შეკრებილი.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დეპუტატთა შორის არიან თავად თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.
არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წევრები პოზიციებს ოპოზიციასთან შეხვედრის საკითხზე და იმ თემებზე აჯერებენ, რომელიც საარჩევნო სისტემას, მათ შორის საარჩევნო ბარიერს ეხება.
პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეთანხმების და ოპოზიციური პარტიების დადებითი პოზიციის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ გააჩნდა მზაობა ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩაეტარებინა. ამასთან, როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებისთვის განცხადებას გააკეთებს.