უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავებას პროვოკაციად აფასებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავებას პროვოკაციად აფასებს

რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მოქალაქის დაკავება ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მორიგი პროვოკაციაა, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ელენე გიტლიანსკაიამ ტელეარხ 112-ის ეთერში განაცხადა.

გიტლიანსკაიამ უარყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი დააკავეს. მისივე თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს უკრაინელი დივერსანტების დაკავების შესახებ, რათა ადგილობრივი მოსახლეობა დააშინოს, რომლებიც უკმაყოფილნო არიან საოკუპაციო ხელისუფლების ქმედებებით.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ყირიმში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი დააკავეს, რომელიც დივერსიას გეგმავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ხარკოვის ოლქის მცხოვრები, ვინმე გენადი ლიმეშკო, რომელიც ადრე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

როგორც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დაკავებული ყირიმში ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოყვანას, ტყეში ხანძრის გაჩენასა და კომუნალური მეურნეობის ერთ-ერთი ობიექტის დაწვას გეგმავდა.