საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია: სურს ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსმა ექსპერტმა და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილმა წევრმა (2014-2017 წ.) ჩარლზ კუპჩანმა განუცხადა.
კითხვაზე, როგორ იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ჩარლზ კუპჩანი ფიქრობს, რომ 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძლიერება და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე.
„ეს კონკრეტული შემთხვევა კი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტ-მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ზოგადად, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება ე.წ. ახლო სამეზობლოს გასაკონტროლებლად. ეს ქმედება ძალიან ჰგავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014“, - განაცხადა ჩარლზ კუპჩანმა.
ამასთან, ჩარლზ კუპჩანი ფიქრობს, რომ რუსეთის ქმედება საქართველოში არის უფრო ვრცელი მასშტაბის მოქმედების ნაწილი მოსკოვის მიერ, ეს ეხება კრემლის მოქმედებებს დონბასში, ასევე დნესტრისპირეთში, სადაც კრემლი სამხედრო ძალას იყენებს ამ ქვეყნების პროდასავლური ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესაჩერებლად.
„მე ზუსტად ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ საზღვრების გადმოწევა საქართველოში მცოცავი ოკუპაციაა, ამ ქვეყანაში ახლა 20% რუსეთის კონტროლქვეშაა“, - განაცხადა ჩარლზ კუპჩანმა.
კითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე და მის მხარდამჭერ განცხადებებზე საქართველოში, ჩარლზ კუპჩანის განცხადებით, „ძნელია ითქვას რამ გადააწყვეტინა პუტინს აფხაზეთში ჩასვლა“.
„ომის წლისთავი იყო, შესაძლოა ესეც გამხდარიყო მიზეზი. თუმცა ცხადია, რომ რასაც ბოლო თვეებია ვხედავთ-ეს უკვე ესკალაციაა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების. ცოტა ხნის წინ, კონგრესმა დიდი სხვაობით მიიღო სანქციების კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. მას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ვნახეთ, როგორ გააძევა რუსეთმა ამერიკელ დიპლომატთა დიდი შემადგენლობა მოსკოვში მდებარე საელჩოდან. სულ ბოლოს კი ვნახეთ შეჯიბრი ვიზიტებით - მაიკ პენსი საქართველოში, ბალკანეთში, ბალტიისპირეთში ჩავიდა, რასაც პუტინის ჩასვლა მოჰყვა აფხაზეთში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ნატო-ს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ვითარდება-ნატო რამდენიმე ათას დამატებით ჯარისკაცს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რუსეთი კი მოგვიანებით ბელარუსში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება“, - განაცხადა ჩარლზ კუპჩანმა.
ამასთან, მან აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.
„აშშ საქართველოს აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ომის ეტაპით და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პერიოდის ჩათვლით. ასე გაგრძელდა უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ კი აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ყურადღება შემატა რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნებთან ურთიერთობას. მჯერა, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მღელვარება მოედო აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებები იყო რუსეთთან დაახლოების, უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვითომდა გაუქმების გამო, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალსახად გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა ობამასდროინდელი მხარდაჭერა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. ამასთან ვიტყვი იმასაც, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია: სურს ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, მითუმეტეს, როცა რუსეთს ამ ქვეყნის ტერიტორიები დაკავებული აქვს. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არის, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები იქ, სადაც ეს შესაძლებელია-ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში. ამდენად, საქართველოსთან ურთიერთობებში მხარდაჭერის მყარი ქსელი არსებობს, რაც მიზნად ისახავს მისი დემოკრატიის, მისი დასავლური მისწრაფებების და დასავლურ დემოკრატიებთან თავსებადობის ხელშეწყობას“, - განაცხადა ჩარლზ კუპჩანმა.