მმართველი გუნდი საარჩევნო საკითხებზე შეხვედრის თაობაზე ოპოზიციისადმი შეთავაზებას ხვალ გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ თემაზე ხვალ, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მედიისთვის ბრიფინგს გამართავს.
ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი. ამასთან, როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.