გადმოგდებული ლუკმები არავისთვის საინტერესო არ არის

გადმოგდებული ლუკმები არავისთვის საინტერესო არ არის

უბარიერო იქნება, საჩუქრად შეიყვანენ პარტიებს თუ არა, ეს ყველაფერი არის ლაპარკი, რომ დაიფაროს ყველაზე მთავარი - ოპოზიციის მოთხოვნები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა სააგენტოს მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის არჩევნები ერთჯერადად, შესაძლოა, საერთოდ უბარიერო სისტემით ჩატარდეს.

როგორც ლევან ბერძენიშვბილმა აღნიშნა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რაც არის საკონსტიტუციო ცვლილებები.

„ოპოციზიას აქვს მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ 2020 წლის და ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ყველა დანარჩენი საუბარი საინტერესო არ არის. უბარიერო იქნება, საჩუქრად შეიყვანენ პარტიებს თუ არა, ეს ყველაფერი არის ლაპარკი, რომ დაიფაროს ყველაზე მთავარი - ოპოზიციის მოთხოვნები, რომლებიც განიხილება ვენეციის კომისიასთან ერთად. ყველა სხვა წინადადება, ასეთი გადმოგდებული ლუკმები არავისთვის საინტერესო არ არის და არც განიხილება. მაგ ვარიანტს არც განვიხილავ და არც მაინტერესებს, რადგან მთავარი სალაპარაკო არის, იქნება თუ არა პროპორციული სისტემა, იქნება თუ არა პრეზიდენტის სახალხო არჩევნები და შეცვლიან თუ არა იმ სიმახინჯეს, რაც ორი წაკითხვით მიიღეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხთან ერთად განიხილა პროპორციული სისტემა და მიიღო მაჟორიტარულ-პროპორციული, „ანუ ხალხი მოატყუეს და ახლა უნდათ ეს მდგომარეობა გამოასწორონ“.

„დანარჩენი არ არის საინტერესო. ოპოზიცია მაგ ანკესს არ წამოეგება. მთელი ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ის სამი ძირითადი პირობა, რაც წაუყენეს, შეასრულონ და მერე დაიწყოს ლაპარაკი და არა მანამდე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას. “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი. ამასთან, როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავენ, რაზეც შესაბამისი განცხადება გაკეთდება.