”ევროპული საქართველო” 2020 წლის არჩევნების უბარიეროდ ჩატარების იდეას „მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით ძალაუფლების ყველა ხერხით შენარჩუნების მცდელობად“ აფასებს.
როგორც რატიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარი პრობლემა სწორედ მაჟორიტარულ სისტემაშია, რაც 2020 წლის არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარების შემთხვევაში, ნარჩუნდება.
”ეს არის მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით ძალაუფლების ყველა ხერხით შენარჩუნების მცდელობა. ცხადია, რომ სწორედ მაჟორიტარულ სისტემაშია პრობლემა და მთავარი საფუძველი იმის, რომ არაპროპორციული ძალაუფლება აქვს პირველ ადგილზე გასულს. ახლა უნდათ მცირე პარტიების გული მოიგონ და შეიყვანონ პარლამენტში და სანაცვლოდ მიიღონ არაპროპორციული ძალაუფლება და ხელისუფლების ამ ხერხით უზურპაცია. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად მაჟორიტარული სისტემა უნდა დამთავრდეს საქართველოში”, - განაცხადა რატიანმა.
ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი.
ამასთან, როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავენ, რაზეც შესაბამისი განცხადება გაკეთდება.