პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, “ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრას უახლოეს პერიოდში შესთავაზებს.
“უახლოეს პერიოდში მართლაც გაკეთდება ეს განცხადება. ძალიან ბევრია ერთი და მეორე მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ცალკეულ ფორმატებში ბევრ თემაზეა ნამსჯელი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკითხის სერიოზულობა მოითხოვს, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ დეტალებში, თუ რა თემებზე ვართ მზად, რომ კომპრომისი დავუშვათ ერთი ან მეორე მხრიდან. ის განცახადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძირითადად იყო ხმამაღალი, ხშირ შემთხვევაში არაკორექტული შეფასებები, ხოლო დეტალების საქმიანი განხილვა არ მომხდარა. ჩვენი გუნდი უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას ოპოზიციასთან შეხვედრის თაობაზე“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება 2020 წლის არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში შესაძლოა ჩატარების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ვოლსკი აცხადებს, რომ “ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია“.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით საკითხებს. შესაძლოა რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ოპონენტების მოსაზრებები გავიზიაროთ, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, რა საკვირველია, საუბარი უნდა შედგეს. ე.წ. ბუნებრივი ბარიერი ის ერთ-ერთი თემაა, რომლის თაობაზეც შეიძლება ვიღაცამ თქვა, მაგრამ ჩვენ ამ თემაზე ჩამოყალიბებული, შეთანახმებული პოზიცია არ გაგვაჩნია. უმრავლესობის შიგნით ყველა თემაზე წინასწარი შეთანხმება არსებობს, მაგრამ ოპოზიციასთან შეხვედრის წინ კიდევ ერთხელ გავივლით თემებს, მათ შორის აღნიშნულ საკითხზეც“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, “ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, შესაძლოა ერთჯერადად, უბარიერო არჩევნები დაუშვას. მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი.
ამასთან, როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.