განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივაზე ისაურეს.
„ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 25 წელს ითვლის, თუმცა ორმხრივი პროგრამული თანამშრომლობა კვლავაც ტოვებს მნიშვნელოვანი გაფართოების შესაძლებლობებს. დღეს ვისაუბრეთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე, როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის, ასევე განათლების თვალსაზრისით სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე, განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით შესძლებლობებზე, კულტურული გამოცდილების გაცვლის ინიციატივებსა და ასევე, საქართველოში კორეის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების შესაძლებლობაზე", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა.
განათლებისა და კულტურის საკითხებზე თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად, საუბარი ასევე დაეთმო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმებს და ტურიზმის კუთხით კავშირების გაძლირებას, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოში კორეის რესპუბლიკის მოქალაქეების ჩამოსვლის პერსპექტივას. სტუმრებმა ასევე დაადასტურეს მზაობა განათლების სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობის შესახებ.
კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა თავის მხრივ აღნიშნეს, რომ საქართველოს თავისი უნიკალური ლანდშაფტით, ისტორიითა და კულტურით ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მზარდია კორეის რესპუბლიკის მოქალაქეთა ვიზიტები საქართველოში. კორეის პარლამენტის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ თავის მხრივ მზად არიან მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საქართველოს პოპულარიზაციას კორეის რესპუბლიკაში.
„სექტემბერში ჩვენი კოლეგები კორეის პარლამენტში გამართავენ საქართველოს კულტურისა და ღვინისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დონეზე და საზოგადოებაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას. მივიღეთ მიპატიჟება კორეის პარლამენტში ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლირებისთვის, და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეხვედრა იქნება ძალიან სასარგებლო როგორც ჩვენი კომიტეტისთვის, ასევე საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფისათვის", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.