ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის

ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის

„მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის“, - ამის შესახებ ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კალაძის განმარტებით, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვა.

„მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ თბილისში გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასთვის სასიამოვნო. ასევე, მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება,”-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.