ჩვენი მიზანია, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ

ჩვენი მიზანია, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

„მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება-ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენებლობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა,”-აღნიშნავს კახა კალაძე.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულისთვის და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში.