„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებისგან მოითხოვს, Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ექსპერტიზისთვის საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თვითონ გააკეთებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
„გავრცელდა ივანიშვილის მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა; ამ საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით; ასევე, დაადასტურა, რომ ბატონი პოროშენკოს ივანიშვილ-კვირიკაშვილთან შეხვედრის მთავარი მეზეზი და მიზანი გახლდათ სააკაშვილის ექსტრადიციის თუ არაექსტრადიციის საკითხი; დადასტურდა ისიც, რომ მთელი ქვეყნის ბიუროკრატიული სამსახური და განსაკუთრებით შსს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უთვალთვალდებენ, რითაც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან. ათწუთიან სატელეფონო საუბარში ჩანს, რა დამნაშავე შს მინისტრი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს. იმის გათვალისწინებით, რომ შსს-მ უარყო ჩანაწერის ავთენტურობა, მოვითხოვთ, უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს ეს ჩანაწერი. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეჭვი არავის შეეპარება, რომ ეს, დიახაც, ავთენტური ჩანაწერია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარადგენს ჩანაწერს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში“, - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პარტია ინფორმაციას თარგმნის და მიაწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.