თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა. ზოდელავა თბილისში, „ნიუჰოსპიტალშია“ გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავარიის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ზაზა შენგელია ავრცელებს.

”დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ”, - აცხადებს ზაზა შენგელია.

ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს სამი ავტომობილი ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ოპელის მარკის ავტომობილს მართავდა. ორი დაშავებული კი, თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.