NDI მთავრობას, პარლამენტს, პარტიებს, ცესკოს, სამართალდამცავებს, სასამართლოს, მედიას, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს

NDI მთავრობას, პარლამენტს, პარტიებს, ცესკოს, სამართალდამცავებს, სასამართლოს, მედიას, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია წარმოადგენს იმ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ამ დროიდან არჩევნებამდე შეიძლება გადაიდგას იმისთვის, რომ 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებისადმი და, ზოგადად, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გამყარდეს. როგორც ანგარიშში, რეკომენდაციის ნაწილშია ნათქვამი, NDI-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ამ რეკომენდაციების შესრულებას დააკვირდება და პროცესის მნიშვნელოვან ეტაპებზე დამატებით განცხადებებს გამოაქვეყნებს.

დელეგაცია აღნიშნავს, რომ წინა არჩევნებისთვის გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნა და იმედოვნებს, რომ მათი გათვალისწინება 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის მოხდება.

”პოლიტიკური პარტიები: შეთანხმდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საერთო ქცევის წესებზე, რომელიც ხაზს გაუსვამს მშვიდობიანი, არაძალადობრივი კამპანიის ჩატარების მზაობას. პარტიის ლიდერებმა პარტიის შიგნით ცნობიერების ამაღლებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები უნდა შეიმუშაონ, გააგრძელონ აქტივისტებისა და კანდიდატების ინფორმირება იმის შესახებ, რომ დაიცვან ქცევის წესები და დააკისრონ სანქციები იმ წევრებს, რომლებიც ამ წესებს დაარღვევენ; აღიარონ და გამოავლინონ ის შიდა ბარიერები და ფაქტორები, რომელიც პარტიებში ქალების მონაწილეობას უშლის ხელს. პარტიები უნდა შეეცადონ, შეცვალონ ქცევის წესები და პრაქტიკა, მათ შორის - სამუშაო საათები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობა, იმისთვის, რომ მეტი ქალი კანდიდატი მოიზიდონ. პარტიებმა ასევე უნდა შეასრულონ სიტყვიერი დაპირებები, რაც 2017 წლის ოქტომბრის საკრებულოს არჩევნებში პარტიულ სიებში ქალთა სულ მცირე 30% წარმომადგენლობას უზრუნველყოფენ; წარმოადგინონ კონკრეტული პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მანდატს და განმარტონ მათი გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულებენ მოქალაქეებისთვის მიცემულ დაპირებებს. ამისთვის აუცილებელია მედიის საშუალებით გამართულ დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში მონაწილეობა და ეს განსაკუთრებით მმართველ პარტიას ეხება, რომელმაც 2016 წელს დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

პარლამენტი: გადახედოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პაკეტს. გამოიყენოს უფრო სისტემური და გრძელვადიანი მიდგომა და ადგილობრივ

თვითმმართველობის ასოციაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციით დეცენტრალიზაციის სტრატეგია წარმოადგინოს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მაჟორიტარული მანდატების განაწილება ხმის თანაბრობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს; თუ არჩევნებამდე ერთი წელზე ნაკლებია დარჩენილი, თავი შეიკავოს არჩევნებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისგან.

სამთავრობო უწყებები: სამართალდამცავმა უწყებებმა რეაგირება მოახდინონ და დაშინებისა და ძალადობის შესახებ განცხადებები დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიონ; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ და სხვა სამთავრობო უწყებებმა ცხადი და ერთობლივი ძალისხმევა გამოიჩინონ, რომ მოახდინონ ყველა საჯარო მოხელისა და საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შემწყნარებლობას არ გამოიჩენენ და რომ დამრღვევები დაუყოვნებლივ დაისჯებიან; მოძებნონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური რესურსების გაზრდის გზები, რათა უზრუნველყონ პოლიტიკური ფინანსების შესაბამისი და ყოვლისმომცველი ანალიზი და საზოგადოებას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია; შესაბამისმა სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ დეზინფორმაციის შესუსტების კონკრეტული სტრატეგიები, ანტი-ევროპული პროპაგანდის განეიტრალების შესახებ ევროკავშირის რეზოლუციის გათვალისწინებით; გაითვალისწინონ დეზინფორმაციის გავრცელების რეგულირების გზები, მაგალითად, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობით მკაფიოდ განსაზღვრონ დეზინფორმაცია და შეიმუშავონ ფაქტების გადამოწმების საკოორდინაციო მექანიზმები.

საარჩევნო ადმინისტრაცია: მკაფიოდ განსაზღვრონ საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების კვალიფიკაცია და შერჩევის პროცედურები, მათ შორის მიუკერძოებლობის სტანდარტები; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საუბნო საარჩევნო კომისიის ტრენინგს ხმის დათვლისა და შეჯამების პროცედურებზე; ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიმართულებით არსებული მიღწევების გასამყარებლად, გაითვალისწინოს ცესკოს ვებგვერდზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე განთავსება. ეს საშუალებას მისცემს ამ ენებზე მოსაუბრეებს, უფრო ადვილად მოიძიონ საარჩევნო ინფორმაცია და სერვისები.

მედია: კანდიდატების შესახებ ინფორმაციაზე ამომრჩევლის წვდომის გასაზრდელად, მაუწყებლებმა არაკვალიფიციურ სუბიექტებს უფასოდ დაუთმონ მინიმალური სარეკლამო დრო, რათა მათ საკუთარი მესიჯების გავრცელება შეძლონ; საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს საარჩევნო პროგრამებსა და გადაცემებში არჩევნებში მონაწილე სუბიექტების თანაბარი წვდომა და მათი პლატფორმების დაბალანსებული გაშუქება.

მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები: პროკურორებმა და მოსამართლეებმა უნდა უზრუნველყონ 2016 წლის არჩევნების დროს მომხდარი და ბოლოდროინდელი პოლიტიკური ძალადობის შემთხვევების მიუკერძოებელი, დროული გამოძიება და სამართლის აღსრულება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ. ეს უნდა მოიცავდეს ამ დანაშაულებების მომზადებასა და ხელშეწყობაში ჩართულ ყველა პირს.

მედიასა და დეზინფორმაციაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოება: მონიტორინგს უნდა უწევდეს დეზინფორმაციას არა მხოლოდ ძირითად მედიაში, არამედ შედარებით მცირე მედია-საშუალებებსა და პლატფორმებზე; ხელს უნდა უწყობდეს მედიის წიგნიერების პროგრამების განვრცობას, რათა მოქალაქეებმა შინაარსის და წყაროს გადამოწმების უნარები შეიძინონ და არ გახდნენ დეზინფორმაციის მომხმარებლები და გამავრცელებლები.

საერთაშორისო საზოგადოება: მხარი დაუჭიროს ადგილობრივ მედია საშუალებებს, რომელიც უფრო და უფრო დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსურ რესურსებზე, რათა უზრუნველყონ ამომრჩევლების წვდომა ადგილობრივი საარჩევნო კამპანიისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციაზე; გაზარდონ სადამკვირვებლო ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, კამპანიის დაფინანსების, ძალადობის, კანონის უზენაესობის დაცვის, მედიისა და დეზინფორმაციის კამპანიის შემთხვევების საფუძვლიანი მონიტორინგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით საერთაშორისო დამკვირვებლები ნაკლები იქნებიან”, - ნათქვამია ანგარიშში.