საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია სტაბილურობა, კეთილდღეობა, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და ქვეყნის იმიჯის ამაღლება

საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია სტაბილურობა, კეთილდღეობა, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და ქვეყნის იმიჯის ამაღლება

საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია სტაბილურობა, კეთილდღეობა, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა და ჩვენი ქვეყნის იმიჯის ამაღლება, რასაც ემსახურება აქტიური ეკონომიკური დიპლომატია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ”ამბასადორიალი 2017” დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, დღევანდელ ღონისძიებაზე ეკონომიკურ გუნდთან და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ ახალი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, ეკონომიკურ კავშირებზე, საინვესტიციო შეთანხმებებზე და ასევე, განიხილება თუ რა შესაძლებლობები აქვს ქვეყანას, რომ ექსპორტი გაიზარდოს.

”დღევანდელი ამბასადორიალის ფარგლებში, ჩვენს ელჩებს წარვუდგენთ ახალ კონცეფციას ე.წ. საექსპორტო სავაჭრო სამკუთხედის შესახებ, რომელიც ეფუძნება სამი ინსტიტუტის - ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობას. ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში განიხილება რეფორმა, რომლის მიხედვითაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და საინვესტიციო სააგენტოს გაერთიანებით გაძლიერდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები, სწორედ ამ სამი ინსტიტუტის თანამშრომლობით და კომერციული ატაშეების ჩართულობით ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ქართული ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდის კუთხით, ასევე ინვესტიციების და ტექნოლოგიების შემოტანის მიმართულებით”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"ამბასადორიალი 2017"-ის მეოთხე სამუშაო დღე შპს ”ჯეოკეპში” მიმდინარეობს, რომელიც პროგრამის - ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა.