ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ევროკავშირი გააგრძელებს მონიტორინგს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ნატალია საბანაძემ განუცხადა.
„ევროკავშირი განაგრძობს მონიტორინგს. იქ არის თემები, რომლებზეც გაგრძელდება მონიტორინგი, იმის გამო, რომ შეჩერების მექანიზმიც არსებობს და ასე შემდეგ, ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის, საგანგაშო არაფერი ყოფილა - 146 ადამიანი, რომელთაც უარი ეთქვათ შენგენის ზონაში შესვლაზე, არ არის დიდი რიცხვი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა უვიზო რეჟიმით, გააგრძელებს სარგებლობას და იმედია, ამას პასუხისმგებლობით მოეკიდება“, - განაცხადა საბანაძემ.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ განაცხადა, რომ საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, კატასტროფულადაა გაზრდილი. ნატალი საბანაძის თქმით, ევროკავშირის მასშტაბით არ შეგვიძლია, ეს სურათი განვაზოგადოთ.
„ბელგიაში არ არის ასეთი სიტუაცია. გარკვეულწილად ზრდა შეინიშნება ლუქსემბურგში, ძალიან მცირე შეფარდებით. ეს არის ის, რაზეც, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიქმება უსაფრთხო ქვეყნად. ამიტომ იმის ალბათობა, რომ აქედან წამოსული ადამიანი ევროკავშირში თავშესაფარს მიიღებს, ძალიან დაბალია“, - განაცხადა საბანაძემ.