ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენების გამო, წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის ოპტიმალური სიტუაცია არ არის

ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენების გამო, წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის ოპტიმალური სიტუაცია არ არის

ევროკავშირის შიგნით მიმდინარე მოვლენების გამო, წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის ოპტიმალური სიტუაცია არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ნატალი საბანაძემ განუცხადა.

საბანაძის თქმით, საქართველომ უნდა იმუშაოს ევროკავშირთან მრავალმხრივი ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით და ეს უნდა გააკეთოს ოფიციალური მოპატიჟების გარეშეც. ელჩის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის რიგით მე-5 სამიტი ბრიუსელში მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება, საქართველოსთვის არის ერთ-ერთი საშუალება, კიდევ უფრო გააღრმაოს ევროკავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობა.

„ინტეგრაცია არის საკმაოდ ფართო ცნება. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით და მის მიღმა მოვახდინოთ საქართველოს მრავალმხრივი ინტეგრაცია ევროკავშირთან. ეს არის ფიზიკური, სექტორალური, განათლების კუთხით და ა.შ... ეს უნდა გავაკეთოთ ოფიციალური მოპატიჟების გარეშეც და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ოფიციალური მოპატიჟებაც წამოგვეწევა. არის თუ არა დრო წევრობაზე განაცხადის გაკეთების? - როდესაც რაღაც მოძრაობას აკეთებ, იმისთვის, რომ გაიზარდოს წარმატების შანსები, ნებისმიერ შემთხვევაში ოპტიმალური პირობები უნდა აირჩიო. დღეს ევროკავშირში შიგნით მიმდინარე მოვლენების და სიტუაციის გამო, ეს ოპტიმალური სიტუაცია არ არის. ამიტომ, პირადად მე თუ მკითხავთ, ახლა არ არის ის მომენტი, რომელიც გაგვიზრდის წარმატების შანსებს, შეიძლება იყოს პირიქით. ამიტომ, დაველოდებოდი იმ სიტუაციას, პირობებს, რომ ევროკავშირის მხარეს უკეთესი პირობები შეიქმნას, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს პრიორიტეტებს, ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს და იმ მიზანს, რომ ინტეგრაცია გაძლიერდეს და ფაქტი გახდეს, ამისკენ შეგვიძლია ცალმხრივად გადავდგათ ნაბიჯები“, - განაცხადა საბანაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის შემდგომი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება საქართველომ ცალმხრივად გადადგას ევროკავშირში წევრობის სტანდარტებთან დასაახლოებლად, საბანაძე აცხადებს, რომ „ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ახლა უნდა ვიფიქროთ“.

„მაგალითად, აღმოსავლეთ პარნტიორობა გვთავაზობს 2020 წლისთვის 20 პრიორიტეტს. იქ არის თემები, რაც აბსოლუტურად თავსებადია მთავრობის მიერ დასახულ პრიორიტეტებთან და ჩვენ ამას გამოვიყენებთ; ასოცირება, თავისთავად ძალიან ბევრ საშულებას გვთავაზობს იმისთვის, რომ დაახლოების და ინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს; უვიზო რეჟიმი სახეზეა. ამას გარდა, სხვა თემებიც არის, თუნდაც იგივე განათლების კუთხით... ჩვენ უკვე გავწევრიანდით ევროპის ენერგოგაერთიანებაში. უნდა მოხდეს სწორედ ასეთი, სხვადასხვა სექტორული მიმართულებებისთვის ყურადღების მიქცევა და იქ გავხდეთ წევრები და დაველოდოთ იმ ოპტიმალურ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც შემდეგ მოგვცემს საშუალებას, პოლიტიკურ ინტეგრაციაზეც ვიფიქროთ“, - დასძინა ნატალი საბანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს ერთობლივი წერილით მიმართეს. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპარლამენტს მოუწოდებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტზე, რომელიც 2017 წელს ჩატარდება, ზემოხსენებული სამი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას მხარი დაუჭიროს.

ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს, შეუძლია, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.