იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე

იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე

პარლამენტს კიდევ ერთი შესაძლებობა გაუჩნდა, იმსჯელოს საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე, - ასე შეაფასა პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსაფაშვილმა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტოთი "ქართულ ოცნებას" მიანიშნა იმ რეფორმებზე, რაც მათ 2013-14 წლებში დაიწყეს, თუმცა, შემდგომ უარი თქვეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ კანონმდებლები აღნიშნულ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

”პრეზიდენტმა ”ქართულ ოცნებას” მიანიშნა იმ რეფორმაზე, რაც ოცნებამ 2013-14 წლებში წამოვიწყეთ. ის ცვლილებები კი, რაც ხორციელდება, არის ამ პროცესების უკან შეტრიალება. აქ არ არის საუბარი 7 თვითმმართველ ქალაქზე, აქ საუბარია ასობით სრულფასოვანი თვითმმართველობის მქონე დასახლებული პუნქტების უარის თქმაზე. პარლამენტს კიდევ ერთი შესაძლებობა გაუჩნდა, იმსჯელოს საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.