ვიქტორ დოლიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან, პრიორიტეტებთან და მზადების პროცესზე ისაუბრა

ვიქტორ დოლიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან, პრიორიტეტებთან და მზადების პროცესზე ისაუბრა

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 6 თვის ანგარიში დეპუტატებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ წარუდგინა.

მინისტრის განცხადებით, უწყების საქმიანობა გასული 6 თვის განმავლობაში ძალიან დატვირთული და შედეგიანი იყო.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ერთგვარი საკოორდინაციო რგოლი როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კოორდინაციის თვალსაზრისით, ასევე ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით, გაწეული საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისი განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება და საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს. ასოცირების დღის წესრიგის (2017-2020 წლები) ტექსტის შეთანხმების პროცესშია და განსაკუთრებული ყურადღება ასოცირების შეთანხმების განხორცილების კომპლექსურ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა.

მან დეპუტატებს უწყების მიერ წარმოებულ იმ კამპანიებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა მიზანს ევროკავშირისა და ნატოს პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის მეორე ფაზის განხორციელებაზე გაამახვილა და ის სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა, რაც უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ არსებობს. მინისტრის განცხადებით, „ის, რომ 42 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე უკვე მოძრაობს შენგენის ზონაში, ნიშნავს, რომ წარმოებული იყო შედეგიანი კამპანია," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოეწყო 200-მდე შეხვედრა და ღონისძიება თბილისსა და რეგიონებში. ასეთი შედეგებისთვის მან კოლეგებს, პარლამენტის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი, მადლობა გადაუხადა.

ვიქტორ დოლიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან, პრიორიტეტებთან და მზადების პროცესზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა 20 მიზანი 2020 წლისთვის: ძირითადი პრიორიტეტები და შედეგები" . მისი განმარტებით, მომზადდა საქართველოს ერთიანი პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხრიდან მოხდა წარდგენილი წინადადებების უმეტესი ნაწილის გათვალისწინება.

„ჩვენ ორი სერიოზული შედეგი მივიღეთ, როგორც პოლიტიკური ასოცირების, ისე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. უვიზო მიმოსვლა და ენერგო გაერთიანებაში საქართველოს სრულფასოვანი წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან, ბრიუსელში ჩვენ რეალურად გვექნება შედეგები, ეს არის მეტი პროგრამა, მეტი ინსტრუმენტი და მეტი დახმარება საქართველოსთვის," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელ დონეზე.

მომხსენებელმა დეპუტატებთან სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, ,,ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის'' და 2017 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია. ხორციელდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საფუძველზე.

პარლამენტის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ნატოსა და ევროპის დღეებთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ვიქტორ დოლიძემ მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.„ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმისთვის, რომ თქვენი ჩართულობა და მონაწილეობა იყო აქტიური და იმისთვის, რომ დაგვეხმარეთ, რომ ღონისძიება წარმომადგენლობითი და შინაარსობრივად გამართული ყოფილიყო,"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, მინისტრს წარმოდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა და სამინისტროს მაკოორდინირებელი ფუნქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამინისტროს გეტყვით დიდ მადლობას გახსნილობისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის. თქვენი მაკოორდინირებელი ფუნქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ეს არის ძალიან ფართო სპექტრის მომცველი თემები, რომელშიც ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად. მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებობს ერთი სტრუქტურა, სადაც კოორდინირებულად ხდება ინფორმაციის დამუშავება და რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენც და ცნობილი გახადოს საზოგადოებისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ მუდმივად მიადევნოს თვალი შესრულების პროცესს და შესრულების შეფერხებასთან ან სირთულეებთან დაკავშირებით დროულად მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ მოხდეს ჩვენგან დროული რეაგირება,"-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერენციისშეფასებისას თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ კონფერენცია არის კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევრო ინტეგრაციული მიმართულების მნიშვნელობას ხაზი გაესვას. „ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო და კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდანაც მინდა გითხრათ მადლობა მისი ორგანიზებისთვის. ის მაღალი მონაწილეობა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ინტერესი, რომელსაც ისინი კონფერენციის მიმართ იჩენდნენ, ნამდვილად მოწმობს, რომ ეს კონფერენცია სხვა ასეთივე ტიპის მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის, კუთვნილ ადგილს იკავებს,"-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სახელმწიფო მინისტრს წარმოდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

მადლობას გიხდით თქვენ და თქვენ გუნდს საინტერესო ანგარიშისთვის. მართლაც კარგი თანამშრომლობა გვაქვს და მივესალმებით ასეთი მოსმენების გამართვას პარლამენტში, მით უფრო, რომ ამ ინფორმაციას ისმენენ ჩვენი მოქალაქეები და მათთვის ინფორმაციის მიწოდება არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი,"-განაცხად სოფიო ქაცარავამ. მან სახელმწიფო მინისტრს სტრატეგიული კომუნიკაციის თემასთან დაკავშირებით დამატებითი შეხვედრის ინიციატივით მიმართა.

„თქვენ ახსენეთ სტრატეგიული კომუნიკაცია და ეს ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ საკითხებს ეხება. ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით თქვენი სამინისტროს, ჩვენი, პარლამენტის და საინფორმაციო ცენტრის მხრიდან, მაგრამ შეგვიძლია სტრატეგიულ კომუნიკაციაზე და კოორდინაციაზე გავაკეთოთ კიდევ ერთი შეხვედრა, იმ უწყებებთან ერთად, რომლებიც სტრატეგიულ კომუნიკაციებში არიან ჩართულები,"-განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.