საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წამყვანი უწყება გახდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წამყვანი უწყება გახდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, - ამის შესახებ ტერორიზმის საკითხზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში სუს-ს საქმიანობა დადებითადაა შეფასებული.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. მთლიანობაში, მთავრობას მნიშვნელოვნად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამინისტროს და სამსახურს აქვს პოლიტიკაზე ორიენტირებულ კონტრტერორისტულ როლი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მას შემდეგ, რაც გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წელს.

საქართველომ განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის განვითარება 2016 წელს და ამჟამად აქვს არსებითი სამართლებრივი ჩარჩო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნისათვის. გაეროს უშიშროების საბჭოს 2178 რეზოლუციის შესაბამისად, 2015 წელს, მთავრობამ შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები იმისათვის, რომ მომხდარიყო უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ქმედებების და ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების კრიმინალიზაცია. აღნიშნული ცვლილებები აგებული იყო სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წელს შეტანილ ცვლილებებზე, რომლებმაც მოახდინა საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობის, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის გადაბირების და ტერორისტული აქტის ხელშეშლისთვის ზომების მიუღებლობის კრიმინალიზაცია.

საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ინტენსიურად იყო ჩართული კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად გლობალურ უსაფრთხოებაში. აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) მებრძოლი დავით ბორჩაშვილი და მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის და ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. საქართველოს უწყებები აგრძელებდნენ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ კოლეგებთან ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლის მიმართულებით. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი პროგრამის იმპლემენტაციის მიმართულებით“, - ნათქვამია ტერორიზმის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.