მზად ვართ უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის, მაგრამ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს

მზად ვართ უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის, მაგრამ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს

მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მაგრამ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს, კონსულტაციების მიზანი უნდა იყოს პროცესის ჩიხიდან გამოყვანა, ამის გზად კი კონსტიტუციის განხილვის პირველ ეტაპზე დაბრუნება გვესახება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა ბიბილაშვილმა განუცხადა.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება პატივს არ სცემს ქართველ ამომრჩეველს და ხელისუფლებამ პროცესი შეიყვანა ჩიხში. ის წინასწარ გველაპარაკება ულტიმატუმებით, წინასწარ ამბობს, რომ არ აპირებს დათმობაზე წასვლას არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე და რომც უნდოდეს დათმობაზე წასვლა და კომპრომისი, ის ამას ვერ გააკეთებდა, ვინაიდან მან ცალმხრივად მიიყვანა კონსტიტუცია მესამე მოსმენის სტადიაზე და მესამე მოსმენაზე შეუძლებელია რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა და შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებები. შესაბამისად, ხელისუფლება უბრალოდ გვატყუებს და ქმნის დიალოგის ილუზიას. აქედან გამომდინარე, პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, უნდა იყოს ღია გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი უნდა იქნას მასში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობა“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონსულტაციებზე თანხმობა გაცხადებული აქვს, მაგრამ კონსულტაციების მიზანი შეიძლება იყოს პროექტის დაბრუნება პირველ ეტაპზე.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ოპოზიციასთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება.