დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - პეტრო პოროშენკო მორიგი სასაზღვრო კლოუნადის მონაწილე გახდა

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - პეტრო პოროშენკო მორიგი სასაზღვრო კლოუნადის მონაწილე გახდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი საოკუპაციო ზოლთან უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა.

მედოევი აცხადებს, აღნიშნულს პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა და მორიგი რიტუალური ექსკურსია იყო, რომელსაც ოფიციალური თბილისი თავის სტუმრებს უწყობს.

„ბოლო დროს საქართველოს ხელმძღვანელობისთვის ტრადიციად იქცა რიტუალური ექსკურსიების მოწყობა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვართან, რასაც პროვოკაციული ხასიათი აქვს“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მისივე თქმით, პოროშენკო არ გახდა გამონაკლისი და ის ”მორიგი სასაზღვრო კლოუნადის მონაწილე გახდა”.

„პოროშენკომ, რომელიც მყარად იდგა ფეხებზე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან და არ ჰქონდა საშუალება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოედგა ფეხი, შეძლო მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პრეტენზიით ფიქციაა. არ შეიძლება მხარი დაუჭირო იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს“, - დასძინა მან.