სოფიო ქაცარავა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრებს შეხვდა

სოფიო ქაცარავა ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში  მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელსა და წევრებს შეხვდა.

სოფიო ქაცარავამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა იმ რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა 23 თებერვალს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მხარდასაჭერად მიიღო.

შეხვედრაზე განიხილებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხები და საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ასევე ევროინტეგრაციის გაზაზე მიღწეული შედეგები და გატარებული რეფორმები.

ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის  გააქტიურების, გაღრმავების საკითხებსა და ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დაარსებას.

ირლანდიელმა დეპუტატებმა აღნიშნეს საქართველოს პროგრესი და მისი ეკონომიკური კონტრიბუტორის როლის პოტენციალი და კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა  ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და სავაჭრო კუთხით  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

საუბარი შეეხებოდა  კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას და სტუმრებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ირლანდიაში ორმხრივი შეხვედრების გასამართად მიიწვიეს, რადგან მაღალი დონის შეხვედრები კიდევ უფრო ხელს უწყობს ორი ქვეყნის კანონმდებლების დაახლოვებას და მჭიდრო კავშირების გამყარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.