ეკა ბესელია:  მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს

ეკა ბესელია: მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს

მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს და დავარწმუნოთ ან ერთი ან მეორე მხარე პოზიციებში, რომელიც გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება შემდეგ დიალოგს და შეხვედრას, რასაკვირველია, ყოველთვის უკეთესია, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს და არ იყოს ჩვენ შორის დახურული კარი და იყოს დიალოგის სივრცე. იყოს შესაძლებლობა, რომ თუნდაც მინიმალური შანსის პირობებშიც კი, შეიცვლება თუ არა კიდევ რაიმე, მე პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს და დავარწმუნოთ ან ერთი ან მეორე მხარე პოზიციებში, რომელიც გვაქვს. არ ვიცი, რა ტიპის ცვლილებები შეიძლება იყოს განხორციელებული მესამე მოსმენის ფარგლებში, თუმცა შეხვედრას, დისკუსიას და საკითხების განხილვას წიმ არაფერი უდგას. არის სპეციფიური საკითხები, სადაც უბრალოდ პოზიციები ვერ შეიცვლება და ასეთი მყარი საკითხები ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში, მაგალითად, იგივე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკითხთან დაკავშირებით, ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ასევე გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე, რომ არჩევნები პროპორციული წესით 2024 წელს ჩატარდება.

რაც შეეხება პრეზიდენტს, ეკა ბესელიას განცხადებით, რთული გამოსაცნობი არ არის პრეზიდენტი რას იზამს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, "ჩვენ კონსტიტუცია უნდა მივიღოთ შემოდგომისთვის, რადგან ეს არის კარგი კონსტიტუცია".