პეტრო პოროშენკომ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა

პეტრო პოროშენკომ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და უკრაინის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გააცილეს.

„პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს და ზურაბ პატარაძეს თბილისში, მესტიასა და აჭარაში გულთბილი მასპინძლობისათვის და საქართველოს პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გაცილების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.