რაც შეიძლება მესამე მოსმენის ფარგლებში შეიცვალოს, არის გარდამავალი დებულებები

რაც შეიძლება მესამე მოსმენის ფარგლებში შეიცვალოს, არის გარდამავალი დებულებები

ოპოზიციასთან შეხვედრის მზაობა არსებობს, რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკვე მიღებულია პრინციპების დონეზე, ჯერჯერობით რამე ცვლილება ჩვენს გუნდში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან უახლოეს დღეებში გაიმართება, თუმცა, შეხვედრის კონკრეტული თარიღი, დრო და ფორმატი ჯერ განსაზღვრული არ არის. 

”შეხვედრა იქნება, თუმცა დაზუსტდება შეხვედრის ფორმატი. შეხვედრის აუცილებლობას ჩვენც ვხედავთ და ამის შესახებ ჩვენც ვსაუბრობთ. რაც შეეხება შეხვედრის დღეს და ადგილს, ეს მოგვიანებით დაზუსტდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ძალიან ბევრი კონსენსუსი და ძალიან ბევრი დათმობა მოხდა. ძალიან ბევრი საკითხი ჩვენ გავიზიარეთ, თუმცა მზად ვართ მოვისმინოთ, თუკი იქნება ოპოზიციის მხრიდან შეჯერებული პოზიცია. ისიც გასარკვევია, ოპოზიცია ერთად ჩამოაყალიბებს პოზიციას, თუ იქნება ცალ-ცალკე. შესაბამისად, შეხვედრაც იქნება ერთიანი თუ ცალ-ცალკე”, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კონსტიტუციასთნ დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე პირველი და მეორე მოსმენით გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და პროცედურულადაც წარმოუდგენელია მასში რაიმეს შეცვლა. ბესელიას განმარტებით, ის, რაც შეიძლება მესამე მოსმენის ფარგლებში შეიცვალოს, არის გარდამავალი დებულებები.