დავესწარი ამბასადორიალზე პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის გამოსვლებს, ასევე, სხვა მინისტრების გამოსვლებსაც და ბატონი ირაკლი კობახიძის მხრიდან არანაირი „პარტიული დავალება“ არ ყოფილა და, საერთოდ, რაიმე დავალება არ ყოფილა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამბასადორიალზე გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს „ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად“ აფასებს.
ლევან ბოძაშვილის განმარტებით, „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ელჩებს აცნობდა მიმდინარე რეფორმებს სასამართლოს ნაწილში, სხვა საკითხებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ბოძაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები არის ყოველწლიური პრაქტიკა და რაიმე პარტიულ დავალებაზე არ შეიძლება საუბარი.
„პარტიული დავალება იყო, როცა უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს პოლიტიკურ კომუნიკეზე ავალებდნენ ხელმოწერის გაკეთებას. მეორე დღეა ამბასადორიალი მიმდინარეობს, მე ასეთი შთაბეჭდილება არ შემქმნია და მიახლოებითაც კი ვერ ჩავთვლი, რომ რაიმე პარტიულ დავალებაზე იყო საუბარი. ეს იყო მიმდინარე სამართლებრივ საკითხებსა და რეფორმებთან დაკავშირებული აღწერილობითი ინფორმაცია, რომელიც იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნეს ელჩებს, ისევე, როგორც სხვა მინისტრებმა“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, ამბასადორიალი უმაღლეს დონეზე არის ორგანიზებული და ელჩებთან თემატურ შეხვედრებსა და განხილვებს პარლამენტისა და მთავრობის წევრები ახორციელებენ, რაც აუცილებელი და მისასალმებელია დიპლომატიური საქმიანობის უკეთესად განსახორციელებლად.