ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს და მე, პირადად შეუძლებლად მიმაჩნია, გარდა იმ საერთაშორისო ფორმატებისა, რაც არსებობს, რაიმე ოფიციალური კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიწვევით საქართველოს რუსი პარლამენტარები ეწვევიან.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მთავრობის და უმრავლესობის დამოკიდებულება „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ყველასთვის კარგად ცნობილია.
„ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს და მე, პირადად შეუძლებლად მიმაჩნია, გარდა იმ საერთაშორისო ფორმატებისა, რაც არსებობს, ჩვენ რაიმე სახის ოფიციალური კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან მანამ, სანამ იარსებებს ე.წ. საელჩოები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში, მანამ, სანამ მკაფიოდ არ შეგვექმნება სურათი, რომ რუსეთი მზადაა დეოკუპაციისათვის“,- განაცხადა სესიაშვილმა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართოს, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა „იზვესტია“ იუწყება.
როგორც გამოცემას რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გაუცხადა, საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებაში და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში.
ლეონიდ კალაშნიკოვის განაცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, რომლებიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ, რუსი კოლეგები საქართველოში მიიწვიეს.